როგორ ინახება ყავის მოხალული მარცვლები

მოხალული ყავა საუკეთესო საგემოვნო თვისებებს მოხალვიდან ერთი თვის განმავლობაში ავლენს. ამის შემდეგ არომატის ხარისხი შესამჩნევად ქვეითდება. მიმდინარეობს ოქსიდაციის პროცესები, არომატული ეთერზეთები ორთქლდება და ამ პროცესის შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია.
კიდევ უფრო სათუთია დაფქული ყავა – ესპრესოსთვის დაფქული მარცვალი უკვე 90 წამში იწყებს საუკეთესო არომატების დაკარგვას. მსხვილი ნაფქვავის სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მეტია – ოცი წუთიდან ერთ საათამდე.
რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ ამ დროის გასვლის შემდეგ ყავის მომზადება არ შეიძლება – უბრალოდ, მას უკვე დაკარგული ექნება ყველაზე ნატიფი არომატი, რომელიც პიკს მაშინ აღწევს, როცა მარცვალი ახალმოხალული და ახალდაფქულია.

სწორედ ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყავის შენახვის პირობებს:  მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში, ოთახის ტემპერატურაზე.

ყურადღება უნდა მიექცეს გასაყიდი ყავის შეფუთვასაც: ყავის მოხალული მარცვლები სპეციალურ შეფუთვაში ინახება, რომელიც მარცვალს ჟანგბადის და ტენისგან იცავს. ასეთ შეფუთვებს აქვს სპციალური სარქველი, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის ცალმხრივ – შეფუთვიდან გარეთ მოძრაობას. ასეთი შეფუთვის წყალობით ყავის საგემოვნო თვისებები მაქსიმალურად შენარჩუნებულია.

 

Leave a comment