არაბიკა და რობუსტა – ყავის ინდუსტრიის ორი მთავარი მოთამაშე

ძალიან დიდხანს რობუსტა არაბიკას  „უშნო დად“ განიხილებოდა. გენეტიკური კვლევების  შედეგად კი ძალიან საინტესესო აღმოჩენა გაკეთდა:არაბიკა რობუსტას სახეობიდანაა წარმოშობილი. დიდი ალბათობით, მოხდა რობუსტას და ყავის კიდევ ერთი სახეობის, Coffea euginoides-ის შეჯვარება და ამის შედეგად წარმოიშვა ახალი სახეობა. ეს სამხრეთ სუდანის ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო. აქედან მოხდა სახეობის შემდგომი გავრცელება ეთიოპიის ტერიტორიაზე, სადაც ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში უხვად გამრავლდა და დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა არაბიკას სამშობლოდ.

ტერმინი არაბიკა, რომელსაც ყავის ბევრ შეფუთვაზე შეამჩნევთ და რომელიც ხარისხიან ყავასთან ასოცირდება, სინამდვილეში იმაზე მიუთითებს, რომელი სახეობის ყავის ხიდანაა მოკრეფილი ყავის მარცვლები. დღეს ყავის ხის ასზე მეტი სახეობაა აღმოჩენილი, თუმცა ყავის ინდუსტრიაში ორი მათგანი თამაშობს მთავარ როლს: Coffea Arabica და Coffea canephora (იგივე Coffea robusta).

arabica-robusta

არომატი

არაბიკას და რობუსტას ყველაზე თვალსაჩინო განსხვავება გემოა. არაბიკა უფრო რბილი, დახვეწილი, რბილი არომატით, მეტი სიტკბოთი და ნაკლები სიმწარით გამოირჩევა. რობუსტასგან მომზადებული ყავა შედარებით მწარე, „ძლიერი“ და ნაკლებად ტკბილია და მირთმევის შემდეგ პირში დიდხანს რჩება დამახასიათებელი არომატი.

ეს გამოწვეულია პირველ რიგში იმით, რომ რობუსტაში კოფეინის შემცველობა თითქმის ორჯერ მეტია: 1.7-4% არაბიკას 0.8-1.4%-თან შედარებით. კოფეინის მაღალი კონცენტრაცია მოხალულ მარცვალს მომწარო გემოს აძლევს.

არაბიკას რბილი და უფრო მოტკბო  გემო ლიპიდების და შაქრების უფრო უხვი შემცველობის დამსახურებაა – სწორედ ისინი განსაზღვრავს  არომატის ინტენსივობას.

2089_1_53_thumb

მარცვლის ფორმა

გამოცდილი თვალი იოლად შეამჩნევს განსხვავებას რობუსტას და არაბიკას ყავის მარცვლებს შორის. რობუსტას მარცვლებს მომრგვალო ფორმა აქვს, არაბიკას კი მოგრძო და უფრო ბრტყელი. განსხვავადება მცენარეც – არაბიკა 2.5-4.5 მეტრი სიმაღლის იზრდება, ხოლო რობუსტა 4.5-6 მეტრის.

ანტიოქსიდანტების შემცველობაც განსხვავებულია: რობუსტაში ქლოროგენული მჟავების შემცველობა უფრო მეტია, ვიდრე არაბიკაში.

ყავის ხის გამძლეობა

რობუსტას მოშენება უფრო მარტივია – კოფეინის მაღალი შემცველობის გამო მცენარე ტოქსიკურია პარაზიტი მწერებისთვის და  ამის გამო უფრო ნაკლებად ზიანდება. მოსავლიანობაც უფრო მაღალი აქვს არაბიკასთან შედარებით. სწორედ ამიტომ, რობუსტას ფასი შედარებით უფრო დაბალია იგივე ხარისხის არაბიკას მარცვლებთან შედარებით.

 

Leave a comment